Monday, September 1, 2014

ტრენინგის თვითშეფასების ანგარიში

ა    ნ    გ    ა    რ    ი   შ   ი
2013 წლის 10–11 ივლისი

       1.    ტრენინგი
     ·         ტრენინგის დასახელება:
მასწავლებლის პროფესიული განვითარება. თვითშეფასება. კოლეგების ურთიერთშეფასება.
·         ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).
      ·         ტრენინგის ჩატარების ადგილი/ტრენერი
ქ.ახალციხე. №3 საჯარო სკოლა/თეა კვიტატიანი
      ·         ტრენინგის ხანგრძივობა:       2 დღე (10 საათი).

      2.    მიზანი  და ამოცანები
   •     საკუთარი პროფესიისადმი მასწავლებლის  პიროვნული დამოკიდებულებების შესახებ  მსჯელობა  და განხილვა;
     •     საერთო ხედვის და ღირებულებების მნიშვნელობის გააზრება  სწავლა/სწავლების და პროფესიული განვითარების პროცესში;
  •      წარმატებული სკოლის მახასიათებლების და პროფესიული განვითარების კომპონენეტის მნიშვნელობის განხილვა;
  •    მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გაანალიზება და  მასწავლებლის საქმიანობის შეფასების მოდელების  გაცნობა. პროფესიონალი მასწავლებლის მახასიათებლების და კომპეტენციების განხილვა; 
    •  საკუთარი გამოცდილების  დაკავშირება მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესსა და ინდივიდუალურ პროფესიულ გეგმებთან;
   •  სკოლის ბაზაზე სრულყოფილი პროფესიული განვითარების პროცესის გაცნობა და საკუთარ გამოცდილებასთან შედარება. 

       3.    რეზიუმე
   ტრენერი ტრენინგის  დაწყებისთანავე  გაგვეცნო და მოკლედ გაგვაცნო საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები და  სამუშაო წესები. სამწუხაროდ იყო ტექნიკური ხარვეზი და ელექტრონული რესურსები ტრენერმა ტრენინგის მსვლელობისას  ვერ გამოიყენა.
   ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ იმის შესახებ, თუ როგორ  მოვიაზრებთ ჩვენს პიროვნებას ჩვენს სამუშაოსთან მიმართებაში. რომელს უფრო ვეთანხმებით: „მე მასწავლებლი ვარ“  თუ  „მე მასწავლებლად ვმუშაობ“. ვიხელმძღვანელეთ კითხვარით და აღმოვაჩინეთ, რომ უმრავლესობის აზრით, მასწავლებლობა უპირველეს ყოვლისა პროფესიაა, მერე სამსახური, მასწავლებლობა პიროვნული თვითრეალიზებაა და  მერე ვალდებულებების შესრულება სამსახურთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ და ვიკამათეთ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული  ღირებულებების შესახებ, სამსახურეობრივ და  სკოლის ღირებულებებზე.    ტრენერმა დაგვირიგა სამუშაო ფურცელი 1 – „განთლების სისტემის გაცხადებული და რეალური ღირებულებები“. გავეცანით ინფორმაციას,  შევავსეთ ცხრილი და ვუპასუხეთ კითხვებს. 20 წთ  ვიმუშავეთ ჯერ დამოუკიდებლად,  შემდეგ გავუზიარეთ მოსაზრებები მეწყვილეს და შემდეგ ჯგუფს.
   ტრენერმა გაგვაცნო ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნების პრიორიტეტები და  ესგ–ის ფუნდამენტური  პრინციპი:  შედეგზე ორიენტირება,   რაც გულისხმობს  მოსწავლეთა აღჭურვას ქმედითი ცოდნით. ტრენერმა გაგვახსენა ესგ-ს ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები, პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის  შესაბამისი კომპონენტები. კიდევ ერთხელ ჩავიკითხეთ ჯეკი თემბულის “პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი”, დიმიტრი უზნაძის, ჯონ დიუის, წმ. ანტონ დიდის და წმ. იოანე ოქროპირის შეხედულებები და აზრები განათლების შესახებ. გამოვთქვით საკუთარი შეხედულებები, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის ღირებულებები, რომელიც სკოლაშია დამკვიდრებული.
   ტრენერმა გაგვაცნო წარმატებული  სკოლის სტანდარტები და ინდიკატორები, თუ როგორი უნდა იყოს სკოლა, რომ მან შეძლოს თავისი უმთავრესი დანიშნულების - მოსწავლეების მაღალი მიღწევების უზრუნველყოფა. გავეცანით, რომ სკოლის საქმიანობა სამი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: აკადემიური საქმიანობა, სასწავლო გარემო და ეფექტიანობა.    გავეცანით სკოლის წარმატების განმსაზღვრელ  9 ფაქტორს და   ვიმსჯელეთ, როგორი უნდა იყოს მოსწავლისა და მშობლისთვის სასურველი სკოლა და რით გამოირჩევიან მაღალი შედეგების მქონე სკოლები ნაკლებად წარმატებული სკოლებისგან.
   10 წთ-იანი შესვენების შემდეგ ტრენერმა  ჯგუფებად დაგვყო  და დაგვირიგა სამუშაო ფურცელი 2.  განვიხილეთ სამუშაო ფურცლებზე მოცემული ორმხრივი ცხრილი და კომპეტენციების შესაბამისად განვსაზღვრეთ შესაბამისი აქტივობები. შემდეგ კი წარმოვადგინეთ  თვალსაჩინოების სახით და გავაცანით  სხვა ჯგუფის წევრებს.
   ტრენერთან  ერთად  ვიმსჯელეთ, რა აქტივობები უნდა შეფასდეს მასწავლებლების კომპეტენციების დასადგენად, ვინ და როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებლის აქტივობები. შევავსეთ ცხრილი - რა შეფასდეს? ვინ შეაფასოს? როგორ შეაფასოს?
   გავეცანით, თუ როგორ უნდა მოხდეს მასწავლებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება (ფორმალური და არაფორმალური) და  შეფასების მეთოდებს (რანგირება, კითხვარი, რანგირებული სკალა, შეფასების რუბრიკა, ინციდენტების დღიური, ხარისხის წრეები, ინტერვიუ).  მასალის გადახედვის შემდეგ  ტრენერმა დაგვირიგა სამუშაო ფურცელი 3. გავეცანით ცხრილში მოცემულ ინფორმაციას, ვიმსჯელეთ შეფასების მოდელების დადებით და უარყოფით მხარეებზე და შევავსეთ ცარიელი გრაფები. ვიმუშავეთ ჯერ დამოუკიდებლად,  შემდეგ კი გავუზიარეთ მოსაზრებები  მეწყვილეს და ტრენინგის სხვა მონაწილეებს. გამოვთქვით საკუთარი მოსაზრებები შეფასების მოდელების შესახებ.
   ამის შემდეგ ტრენერმა შეაჯამა განვლილი დღე.
   II დღეს ტრენერმა მისალმების შემდეგ  მსმენელები დაგვყო ჯგუფებად და   ერთ ნაწილს დაგვავალა  დაგვეწერა, თუ როგორ წარმოგვედგინა პროფესიული განვითარების პროცესი სკოლის ბაზაზე, ხოლო  მეორე ნაწილს კი - მასწავლებლის ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმა. ჯგუფებმა დავალებები საპრეზენტაციოდ მოვამზადეთ  და წარმოვადგინეს  ნამუშევრები.
   ტრენერი გვესაუბრა როგორ უნდა შეეწყოს ხელი მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა იმ კვლევებზე, რაც ადასტურებს, რომ სკოლის დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს გაცილებით ნაკლები გავლენა აქვს მოსწავლეების შედეგებზე, ვიდრე მასწავლებლის დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომ ის მორგებულია მასწავლებლის კონკრეტულ საჭიროებებს და შეესაბამება მოსწავლეების სასწავლო მიზნებსა და ამოცანებს და  პროფესიული განვითარების ისეთი ღონისძიებებია ეფექტიანი, რომლებიც უშუალოდ სკოლაში ხორციელდება და  მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
    ტრენერმა გაგვაცნო პროფესიული განვითარების პროგრამების ეფექტიანობის პრინციპები და გვესაუბრა, რომ პროფესიული განვითარების ღონისძიებების ეფექტიანობას  სამი კრიტერიუმით აფასებენ. კერძოდ, განხორციელებული აქტივობის ეფექტიანობის შეფასება მსმენელის მიერ, მსმენელის მიერ მიღებული ცოდნის შეფასება, მსმენელის მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
   ტრენერმა გამოგვკითხა, რა თვისებები უნდა ჰქონდეს პედაგოგს, რომ წარმატებით მოახერხოს ურთიერთთანამშრომლობა. ვიმსჯელეთ ამ თემაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კოლეგებთან თანამშრომლობა პროფესიული ზრდის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ვიმსჯელეთ რეალური თანამშრომლობის 4 ძირითად ელემენტზე.    ტრენერმა დაგვირიგა სამუშაო ფურცელი 4. გავეცანით ინფორმაციას, ვუპასუხეთ კითხვებს. ვიმუშავეთ ჯერ დამოუკიდებლად,  და შემდეგ გავუზიარეთ მოსაზრებები მეწყვილეს.
    ტრენერი გვესაუბრა კოლეგების გამოცდილების გაზიარების ახალ ფორმაზე, როგორიცაა  “კრიტიკული მეგობრების” ინსტიტუტი , რომელიც წარმოადგენს ურთიერთდაკვირვების მოდელს და სამი ეტაპისაგან შედგება (დაკვირვების წინა შეხვედრა, გაკვეთილზე დასწრება, გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა). აგრეთვე გავეცანით დაკვირვების სხვადასხვა ფორმებს (აღწერითი დაკვირვება, ფოკუსირებული დაკვირვება, გუნდური მუშაობა, ჩართული დაკვირვება (დამკვირვებელი მოსწავლის როლში), თვითდაკვირვება).
   გავეცანით და განვიხილეთ პროფესიული განვითარების სქემა. ჯგუფური მუშაობის ფორმატში  დავამუშავეთ სამუშაო ფურცელი 5. განვიხილეთ სამუშაო ფურცლებზე მოცემული ცხრილი და კომპეტენციების და აქტივობების შესაბამისად განვსაზღვრეთ, რისი შეფასება უნდა მოხდეს. აქტივობების ჩამონათვალი დავახარისხეთ ცხრილში: პირველი კატეგორიის აქტივობები, ექსპერტი მასწავლებლის აქტივობები.
    აღნიშნული ტრენინგი თავისი ფორმით ძალიან ახლოს იყო საგაკვეთილო პროცესთან, სადაც ტრენერი ცდილობდა ჩვენთვის ფაქტობრივი ინფორმაციის გადმოცემას, ეს ტრენინგი ზუსტად იყო მორგებული კონკრეტულ საჭიროებებზე, ფოკუსირებული მოსწავლეთა მიღწევებზე და არა მხოლოდ მასწავლებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე. თანაც ტრენერი მუდმივად გვაგრძნობინებდა, რომ ჩვენ მასთან ვთანამშრომლობდით, რაც დიდ კომფორტს ქმნიდა.

     4.    ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება
    ტრენინგი, დატვირთული ჯგუფური, წყვილური თუ ინდივიდუალური სამუშაოებით, ჩემთვის საკმაოდ ნაყოფიერი და მრავლის მომცემი იყო.
   ტრენინგის დროს ყურადღება იყო გამახვილებული თითოეული ინდივიდის სწავლებასთან დაკავშირებული უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებაზე, პროფესიონალთა სოციუმის შექმნაზე, რაც დამეხმარება გავხდე ინფორმაციისა და სწავლის მაძიებელი, პრობლემების გადამჭრელი და საკუთარი საქმიანობის მკვლევარი, რათა გავაუმჯობესო საკუთარი პრაქტიკული საქმიანობა.
   პიროვნებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მის მიერ მიღწეული შედეგი. მასწავლებლის განათლება და პროფესიონალიზმი კი მოსწავლის მიღწევების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღნიშნულმა ტრენინგმა გავლენა მოახდინა ჩემს დამოკიდებულებებზე, ცოდნაზე უნარებსა და პრაქტიკაზე და დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს ჩემს პროფესიულ საქმიანობას და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას.
      აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში და ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო ადმინისტრაციასთან, მოსწავლეებთან, კოლეგებთან და მშობლებთან აღნიშნულ თემაზე და ვეცდები მისი გამოყენებით ჩემი როლი შევიტანო წარმატებული სკოლის დამკვიდრებაში. ამავე დროს ვიმუშავებ, რომ  გავაძლიერო და გავამყარო საკუთარი პროფესიული განვითარება.
   პროფესიული განვითარება ხომ  თანამშრომლობითი პროცესია, რომლის დროსაც ხშირად ხდება რეფლექსია და კომენტარების გაცვლა. ტრენინგმა კიდევ ერთხელ დამნახა, რომ კოლეგებთან თანამშრომლობა პროფესიული ზრდის ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა და დიდი ეფექტი მოსწავლეების მიღწევებზე აქვს მასწავლებლების თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხარისხს სამი ძირითადი მიზეზის გამო: (1) მოსწავლეები გაცილებით უკეთესად სწავლობენ, როდესაც მათ მასწავლებლებს აქვთ მსგავსი ან ერთნაირი მიდგომები და მოლოდინები მათ მიმართ; (2) მუდმივი თანამშრომლობა და კომუნიკაცია ზრდის მასწავლებლის როგორც საგნობრივ, ასევე მეთოდურ კომპეტენციას, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება თითოეულ საკლასო ოთახში მიმდინარე სასწავლო პროცესზე; (3) თანამშრომლობა და კომუნიკაცია ხელს უწყობს სკოლის გუნდური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.
  ტრენინგზე გავაანალიზე, როგორ გავხდე ,,კრიტიკული მეგობარი“, რომელიც დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეში ურთიერთთანამშრომლობის ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა.
   ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ინტერესი, რომ  ახალი სქემის აქტივობებზე მეტი ინტერესით ვიმუშაო.
   მინდა აღვნიშნო, რომ თუ გაკვეთილებს, პროექტებს, კოლეგებთან ერთად დავგეგმავ და განვახორციელებ, ეს საუკეთესო საშუალება იქნება  ჩემი და ჩემი კოლეგების პროფესიული ზრდისა და მისაღწევი შედეგების გაუმჯობესებისთვის. ამ დროს ხომ თითოეული ჩვენგანის პროფესიონალიზმის შერწყმით და გამოცდილების გაზიარებით იბადება ახალი იდეები. ასე დაგეგმილი და ჩატერებული გაკვეთილი ბევრად მოქნილი და დახვეწილი იქნება. ასეთი კოლეგიალური ურთიერთობები კი სკოლის წარმატებული საქმიანობის, სკოლის პრესტიჟისა და სიძლიერის საფუძველია.

სსიპ  ქ.ახალციხის  №5  საჯარო  სკოლის  ფიზიკის  მასწავლებელი–მაია თათეშვილი

                                2013წ